საზოგადოება
27.07.2023 16:34
საზაფხულო ბაღისთვის ხარისხიან პროდუქტს გამარტივებული წესით შევისყიდით, ახალი სააღმზრდელო წლისთვის კი ტენდერი ხელახლა გამოცხადდება-სააგენტოს დირექტორი

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ქალაქში მოქმედი საზაფხულო ბაღისთვის ხარისხიან პროდუქტს გამარტივებული წესით შეისყიდის, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი სააღმზრდელო წლისთვის პროდუქტებით მოსამარაგებლად კი ახალ ტენდერს აცხადებს, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ სააგენტოს დირექტორმა გიორგი შათირიშვილმა განუცხადა.

შათირიშვილის განმარტებით, ტენდერის ხელახლა გამოცხადების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც კომპანია ,,ამალთეა ჯგუფის“ მიერ მიწოდებული პროდუქციის უხარისხობა დადასტურდა.

,,ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების ხარისხზე გაჩნდა გარკვეული ეჭვი, რის შემდეგაც სააგენტომ მოითხოვა მომწოდებლისგან, რომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში მომხდარიყო პროდუქციის ხარისხის შემოწმება, გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები, რის შემდეგაც კვლავ დადგა გადამოწმების საკითხი, მთლიანობაში, სააგენტოს მოთხოვნით, 4-ჯერ გადამოწმდა მოწოდებული რძის პროდუქტების ვარგისიანობა, სამჯერ აკრედიტებულ სხვადასხვა ლაბორატორიაში და ასევე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მას შემდეგ კი, რაც საბოლოოდ დადგინდა, რომ მოწოდებული პროდუქციის, მაგალითად, არაჟნის ხარისხი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და მეტიც, გამოიკვეთა ბაქტერიები, კანონმდებლობის შესაბამისად, მომწოდებელი კომპანია დაჯარიმდა და შეწყდა მასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება საზაფხულო ბაღის მომარაგებას, მოხდება პროდუქტების გამარტივებული წესით შესყიდვა, ახალი სააღმზრდელო წლისთვის კი (სექტემბრიდან), როცა ყველა ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ფუნქციონირებას, ახალი მომწოდებელი შეირჩევა, ტენდერი მალე გამოცხადდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საბავშვო ბაღებამდე ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს“, - აღნიშნა გიორგი შათირიშვილმა.

კვირის ამბები