გორში, გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გორის მერიის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა საბჭოს წევრებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში მუშაობისას, ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხები განიხილეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს და შშმ პირთა დასაქმების და მხარდაჭერის მიმართულებით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა მოამზადეს.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტებთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრა პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საზოგადოება „ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითრების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.