31 ივლისს, გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში „სამოქალაქო ბიუჯეტთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ღია კარის დღე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, ასევე, მოქალაქეები შეხვდებიან „ახალგაზრდული კლუბის“ წევრებს, რომელიც „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ შერჩეულ ინიციატივებს გორის მერია 2024 წელს განახორციელებს.
ღია კარის დღე 17:00 საათზე დაიწყება და გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს, დემოკრატიული ჩართლობის ცენტრის გორის ოფისის მხარდაჭერით გაიმართება.
რაც შეეხება „სამოქალაქო ბიუჯეტს“, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
წინადადებების წარდგენისთვის აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება shorturl. at/DFZ14 და შევსებული ფორის გაგზავნა ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti. gori @gmail .com, ან ამობეჭდილი სახით წარდგენა გორის მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის ქ. №5).
შეგახსენებთ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 28 ზონად. აღნიშნულ ზონებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება.