დღეს, 25 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 12:00 საათზე დაიწყო და 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20-დან 21 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ის ბავშვები დარეგისტრირდნენ, ვისი და-ძმაც იგივე ბაღის აღსაზრდელია. ხოლო მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას დღეიდან ყველა მსურველი შეძლებს.
ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად, ელექტრონულ მისამართზე: www. gorikids. ge მოხდება, სოფლის ბაღებში კი ჩასარიცხად განცხადება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან უნდა დაიწეროს.
„ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული. მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. დაგჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია. რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელექტრონულ მისამართზე, „რეგისტრაციის გადამოწმების“ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.