გორის მუნიცპალიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა სოციალურ ქსელში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მესამე სართულიდან გადმოვარდნილ 2 წლის ლილესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გულშემატკივრობისა და ყურადღებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის. გოგონა ბექა ქორჩილავას დისშვილია.
,,მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა!
მადლობა ყველას ამდენი სითბოს, გულშემატკივრობისა და ყურადღებისთვის. სასწაული მოხდა და ჩვენი ლილე გადარჩა“, - წერს ბექა ქორჩილავა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა. დაშავებულ ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გაეწია, შემდგომ კი მოხდა მისი რეფერირება თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.