ზაფხული, დასვენების გარდა, გარკვეულწილად, გარუჯვასთანაც ასოცირდება, უსაფრთხო და კარგი რუჯის მისაღებად კი აუცილებელია სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება.
* დღის მკვებავი კრემი ნამზეურის მისაღებად ნამდვილად არ გამოდგება, პლაჟზე გასვლის წინ, აუცილებლად გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი საცხი, რომელიც აგარიდებთ ბევრ პრობლემას, მათ შორის - კანის დამწვრობას, სიწითლეს, გადახურებას და აქერცვლას.
* მზისგან დამცავ და მკვებავ საშუალებებს აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი, რომელიც აბრევიატურა SPF-ით და ციფრებით აღინიშნება. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით მეტად იქნება დაცული თქვენი კანი.
* ბევრი არასწორად მოიხმარს მზისგან დამცავ კრემს და მის წასმას პირდაპირ პლაჟზე, მზის სხივების ქვეშ იწყებს. გახსოვდეთ, რომ მზისგან დამცავი კრემი ზღვაზე გასვლამდე 20-25 წუთით ადრე უნდა წაისვათ. ეს სწორედ ის დროა, რომ მასში შემავალმა ფილტრებმა დაიწყოს მოქმედება. გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამცავი საცხი წყალგამძლე იყოს.
* კატეგორიულად დაუშვებელია 2 წლამდე ბავშვების მწველ მზეზე ყოფნა. პლაჟზე ყოფნისას, პატარებისთვის აუცილებლად გამოიყენეთ საცხი მზისგან დამცავი მაქსიმალური დონით – SPF 30-50. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო დრო მზის აბაზანებისათვის არის დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ!
* გახსოვდეთ, რომ ჩრდილში კანი იღებს ულტრაიისფერი სხივების 50, ხოლო ღრუბლიან ამინდში 80 %-ს. ამიტომ, ადამიანები ჩრდილშიც იწვებიან და ღრუბლიან ამინდშიც.
* გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პლაჟზე საკმაოდ მომრავლებულია მწერებიც, ამიტომ, სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია კბენის საწინააღმდეგო სპეციალური გელების გამოყენება ან, დაკბენის შემთხვევაში, ქავილის და ალერგიის თავიდან ასაცილებლად ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.
* კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაც - სიცხეში, ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, თან ატაროთ წყალი. პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ კი, უნდა მიიღოთ გრილი შხაპი და წაისვათ კანის დამატენიანებელი კრემი.
* სპეციალისტების რეკომენდაციითვე, პლაჟზე გასვლისას არ უნდა ისარგებლოთ სუნამოებით და დეოდორანტებით. იმ ნახშირწყალბადებმა, რომლებიც შედის კოსმეტიკურ საშუალებებში, მზესთან ურთიერთქმედებაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და კანზე ლაქების გაჩენა.
* თუ სხეულზე ბევრი ხალი გაქვთ, მზის აბაზანების მიღებამდე, აუცილებლად უნდა გაიაროთ დერმატოლოგთან კონსულტაცია.