სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის მეშვეობით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ სერვისებს 1700-ზე მეტ ბენეფიციარს დაუფინანსებს. მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ჯამში, ცხრა სოციალურ პროექტს განახორციელებს.
საზაფხულო ბანაკების, შინმოვლის, სოციალური სამრეცხაოს, მედიკამენტებით და სამედიცინო კაბინეტით სარგებლობის შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილ, სოციალურად დაუცველ, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს მიეცემათ.
პაატა ივანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: ,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა ჩვენთვის ძალიან ეფექტური ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები მივაწოდოთ, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.“
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, სოციალური ინიციატივების წარდგენა და თანადაფინანსების მიღება ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, რომელიც ზემოხსენებული პროექტების თანადაფინანსებას მოახდენს და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.