საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო ევაკუირებულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა. როდოსის გარდა, რთული ვითარებაა კუნძულ კორფუზეც. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საბერძნეთის ხელისუფლებამ კორფუზე გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, 2 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
რაც შეეხება როდოსს, აღნიშნული კუნძულიდან 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრეები კვიპროსიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთებში დაიხურა რამდენიმე ტურისტული ლოკაცია, მათ შორის, არქეოლოგიური ადგილები, აკროპოლისის ძეგლიც.
დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონებიც, ტყის ფართობებთან ერთად, გარკვეულ ლოკაციებზე განადგურდა სახლები და სასტუმროები.
ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე ლაკონიას რეგიონი სამხრეთ პელოპონესი.
საბერძნეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ახალი ხანძრების გაჩენის მაღალ რისკს.
ცნობისთვის, ბოლო 17 წლის განმავლობაში, საბერძნეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 46.4 გრადუსი დაფიქსირდა 23 ივლისს.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების თანახმად, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა პელოპონესის რეგიონში მდებარე ქალაქ გიტეიოში.