2006 წლიდან დღემდე, ბოლო 17 წლის განმავლობაში, საბერძნეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 46.4 გრადუსი დაფიქსირდა.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების თანახმად, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
პელოპონესის რეგიონში მდებარე ქალაქ გიტეიოში.
მეხანძრეები კვლავ იბრძვიან ტყის ხანძრის 90-ზე მეტი კერის სალიკვიდაციოდ. ყველაზე რთული მდგომარეობაა კუნძულ როდოსზე, სადაც ხანძარს ერთი კვირაა ებრძვიან. როდოსიდან 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრეები კვიპროსიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთებში დაიხურა რამდენიმე ტურისტული ლოკაცია, მათ შორის, არქეოლოგიური ადგილები, აკროპოლისის ძეგლიც.
ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრეა ჩართული, კიოტარის რაიონში სამი სასტუმრო დაზიანდა. დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონებიც.
ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე ლაკონიას რეგიონი სამხრეთ პელოპონესი და კუნძული როდოსი.
საბერძნეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს ახალი ხანძრების გაჩენის მაღალ რისკს.