ლიტერატურულ კონკურს „მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებული ავტორი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2000-ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.
კონკურსის ლაურეატების დასახელება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ცერემონიას სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდა.
სოსო მეშველიანს ფულადი ჯილდო გორის მერიამ პოეტური კრებულისთვის - „მწერი ქარვაში“ გადასცა.
რაც შეეხება კონკურსის 2023 წლის სხვა გამარჯვებულებს, ლიტერატურული პრემია „მაჩაბელი“ გადაეცათ: დათია ბადალაშვილს (საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“); ხათუნა ცხადაძეს (საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი - იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“); მაია ბადრიძეს (კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“); ბესო ხვედელიძეს (საუკეთესო პიესა - დრამატურგიული ნაწარმოებისთვის „ხიდჩატეხილობა“); ჟიურის რჩეულის პრემია კი პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა მიიღო.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიტერატურული კონკურსის მიზანი საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ახალი ავტორების და ლიტერატურული კერების აღმოჩენა და რეგიონის ცნობადობის გაზრდაა.
შეგახსენებთ, კონკურსი „გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.
პროექტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით ახორციელებს.