საზოგადოება
11.02.2020 15:13
შიდა ქართლში ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

შიდა ქართლში ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უცხოელი თუ ადგილობრივი ვიზიტორების დასახვედრად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, რეგიონში დაწყებულია რამდენიმე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და სარეკრეაციო ზონებში საკემპინგე ადგილების მოწყობა.

ახალი ტურისტული სეზონის სამზადის შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გაეცნო: „ბუნებრივია, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების დასახვედრად შიდა ქართლიც აქტიურად ემზადება. მოგეხსენებათ, უფლისციხის მუზემ-ნაკრძალი დამთვალიერებლების სიმრავლის თვალსაზრისით, არამხოლოდ რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც მოწინავეა. სასიამოვნოა, რომ მუზეუმის ადმინისტრაცია გამუდმებით ცდილობს სტუმრებს სიახლეები შესთავაზოს და მათთან ვიზიტი კიდევ უფრო საინტერესო გახადოს. დღეს, ადგილზე გავეცანით მუზეუმში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს. მოვინახულეთ ახლადგახსნილი მარანი და დავათვალიერეთ კლდეში ნაკვეთი ქალაქის მიმდებარედ არსებული ნასოფლარი. უფლისციხის მიმდებარე ტერიტორია თავისი ისტორიით, რელიეფით თუ ხედებით ლაშქრობისმოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოგინახულებიათ უფლისციხე, დროა, სეზონის გახსნისთანავე დაგეგმოთ შიდა ქართლში სტუმრობა“, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მუზეუმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

კვირის ამბები