საზოგადოება
21.07.2023 12:54
გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ გაიხსნა

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში „საზაფხულო სკოლა“ გაიხსნა. პროექტი 8-11 წლის იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ხორციელდება.

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ცნობით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა განხორციელდება. მათ შორის, თოჯინების თეატრი, პოეზიის საღამოები, ექსკურსიები გორის მუზეუმებში. საზაფხულო სკოლის დასასრულს, ბავშვთა გასართობ ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

„მეცადინეობა ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება (შაბათ-კვირის გარდა). მეცადინეობის ხანგრძლივობა ორი საათია. პროექტის მიზანი აკადემიური, საკომუნიკაციო და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების, ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარის, სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, არდადეგების პერიოდში თავისუფალი დროის გონივრულად, შინაარსიანად გატარებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები