მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე („დეპაკინი ხრონო“), რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებს და მოზრდილებში გამოიყენება, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.
„რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.
მარაგების შესახებ ფარმაცევტული კომპანიების მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი აზარალებს მოქალაქეებს.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება“, - აცხადებენ უწყებაში.