არაფორმალური განათლების გავრცელებისა და მოხალისეობის დონის ამაღლების მიზნით, სოფელ შინდისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, „შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა“ ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკის შექმნის იდეას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ მცირე გრანტი გასცა და ფონდისთვის პირველი წიგნები შეიძინეს. როგორც GMnews-ს პროექტის ინიციატორებმა განუცხადეს, საბავშვო ბიბლიოთეკის თაროების შესავსებად, დაწესებულებას პერიოდულად სტუმრობენ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ ქველმოქმედი ადამიანები და უცნობი ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურა მოაქვთ.
„არაერთი ადამიანი გვიერთდება, გვწერენ, თუ სად მოგვაწოდონ წიგნები, თუმცა, ჩვენი იდეა უფრო მასშტაბურია და გაცილებით შორსმიმავალი გეგმები გვაქვს. ბიბლიოთეკასთან ერთად, შინდისში, უახლოეს მომავალში, ფუნქციონირებას დაიწყებს საკვირაო სკოლა, რომელსაც მამა გიორგი კოკოშვილი უხელმძღვანელებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მალე, სხვა ალტერნატიულ სასარგებლო სივრცესაც შევთავაზებთ, სადაც არა მხოლოდ წიგნების წაკითხვას შეძლებენ. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ წამოწყებაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს, აჩუქოს წიგნი შინდისის ბიბლიოთეკას და იზრუნოს სხვებისთვის წიგნიერების დონის ამაღლებაზე“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ინიციატორმა სუზი ბერიძემ.