შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰადას ესტერ მეიცადისს უმასპინძლა.
ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას, ასევე, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ისრაელის საელჩოს „მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელი, „შალომ კლუბ შიდა ქართლის“ აღმასრულებელი დირექტორი და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა სტუმრებს, ასევე, შიდა ქართლის რეგიონის სპეციფიკის, ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტული სფეროების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პატივია ისრაელის დელეგაციის სტუმრობა ჩვენს მხარეში. ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელს და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი სურვილია, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთობა“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ებრაული გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით „მაშავის“ მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „მაშავის“ ცენტრის ხელმძღვანელმაც. გიორგი ჟღენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ძირითად მისიას ისრაელის საელჩოს მიერ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება წარმოადგენს.
ისრაელის ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა საერთო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა და ისრაელის ელჩმა სამხედრო დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს, მოინახულეს სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი და წარმოდგენილ ექსპონატებს გაეცნენ.