მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ლაშა ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, საქმეში ცალსახადაა გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), ასევე 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე უალტერნატივოდ ითვალისწინებდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად პროკურორმა დაასახელა ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების გაყალბების და მიმალვის საფრთხეები.
ბრალდებულების - მიხეილ მაისურაძის, ჯიმშერ ცეცხლაძის და ბექა ღუდუაშვილის ინტერესებს ორი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე და გოჩა გოჩიტაშვილი იცავს. ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ არ გამოყენებულიყო არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან გამოყენებულიყო გირაო თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ერთთვიანი ვადით, თუმცა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
,,გიდასტურებთ, ფიზიკური დაპირისპირება იყო, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს ძალის გამოყენება იყო პროპორციული იმ აგრესიისა, რასაც ჰქონდა ადგილი. ჩხუბის პროვოცირება მოახდინა ელბერტ ტუხაშვილმა, ლაშა ტუხაშვილის მამამ (რომელიც ასევე ყოფილი გამომძიებელია), სწორედ აგრესიას და გინებას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან, ერთერთი კი, მხოლოდ აშველებდა მათ. რაც შეეხება იმას, რომ პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოხდა ძალადობა და საშტატო იარაღის წართმევა, ლაშა ტუხაშვილს პოლიცის თანამშრომლის არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა, იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში, არ გადაადგილდებოდა ციმციმებიანი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ავტომობილით, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი, ამიტომ მათ სცადეს იარაღიანი პირის განეიტრალება. მათ მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან შეეფარდოთ გირაო თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ვადით ერთი თვე”, - აღნიშნა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
,,ბრალდებულ ცეცხლაძეს ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, ღუდუაშვილს - 3 თვის შვილი, მაისურაძეს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით 7 წელია ინსულინდამოკიდებულია, შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის ვარაუდი, რომ რომელიმე მათგანის მიმალვის საფრთხე არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავებისას, დაზარალებულს და მის მამას მიეცათ ცეცხლაძესა და მაისურაძეზე წვდომის საშუალება და მათ ფიზიკურად გაუსწრდნენ.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ცალკეა დაწყებულია გამოძიება.
,,როცა სასამართლოში გამოდიხარ და რაღაცას ამტკიცებ და როცა არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, ცოტა უხერხულია ხმამაღალი განცხადებების კეთება. ამასთან, ყველამ წარმოიდგინოს ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა, ანუ, ვინაიდან პოლიციელია, არ აქვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახი?! რაც შეეხება დაკავებულებზე შესაძლო ფიზიკურ ზეწოლას, რაზეც საუბრობს დაცვის მხარე, აღნიშნულზე ცალკე დაწყებულია გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ საქმეზეც დადგინდება ჭეშმარიტება.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლის მხრიდან არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღის ქონის და გასროლის ფაქტებს, ბრალდებულები ცდილობდნენ, რომ წაერთმიათ დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მოხდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ეს დადასტურებულია და ბრალდებულების ერთ-ერთი თანამგზავრი ადასტურებს იმას, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. რაც შეეხება იმას, რომ რატომ ატარებდა იარაღს, ეს იარაღი არის ტაბელური, საშტატო და შესაბამისად, არ არსებობს არცერთი ბრზანება იმასთან დაკავშირებით, რომელიც არასამსახურებრივ პერიოდში უკრძალავს მსგავსი კატეგორიის თანამდებობის პირს, ამ შემთხვევაში გამომძიებელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პროკურორმა ოთარ დოხნაძემ.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ლაშა ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე სამართალდამცავებმა 3 პირი 16 ივლისს დააკავეს. დაპირისპირება ერთ-ერთ ბრალდებულსა და ლაშა ტუხაშვილის მეუღლის ავტომობილებს შორის მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.
წინასასამართლო სხდომა გორში 4 სექტემბერს გაიმართება.
თავად ბრალდებულების განცხადებით, არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.