2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20-დან 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ეტაპზე დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთა და-ძმაც უკვე არის კონკრეტული ბაღის აღსაზრდელი. პირველ ეტაპზე ბაგა–ბაღებში რეგისტრაციისთვის განცხადება ბაღის დირექტორთან უნდა დაიწეროს.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, სააგენტოს ცნობით, რეგისტრაცია 25 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას ყველა მსურველი შეძლებს. ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www. gorikids. ge, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან დაიწერება.
„ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. დაგჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია. რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, „რეგისტრაციის გადამოწმების“ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.