20 ივლისს გორის ცენტრალურ სტადიონზე გორის „დილა“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება და გორის „დილა“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKT. GE-ზე უკვე შეუძლიათ. გარდა ამისა, მატჩის ჩატარების დღეს, ბილეთები სტადიონის სალაროშიც გაიყიდება.
საფეხბურთო კლუბ „დილას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს, 18:30 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, ანდრეი დემჩენკო მედიის წარმომადგენლებთან მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, 20:45 საათზე კი, „დუნაისკა სტრედას“ მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ჩატარდება.
„19 ივლისს, 18:30 წუთზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ანდრეი დემჩენკოს მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. ამავე დღეს, 20:45 საათზე კი - „დუნაისკა სტრედას“ მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია. მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, სტადიონზე მობრძანდეთ არაუგვიანეს18:00 საათისა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება აღნიშნულ გუნდებს შორის პირველ შეხვედრას, გორის „დილა“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ 13 ივლისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.