კულტურა
18.07.2023 14:05
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ დაიწყო
დღეს, 18 ივლისს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ საზეიმოდ გაიხსნა. გახნის ცერემონია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში, ფესტივალს გორის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.
18-19 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, გორის უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, შეხვედრები ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან, რეჟისორებთან. გაიმართება, ასევე მასტერკლასები ფოტოგრაფიაში, დიზაინში, ფილმების განხილვა და ა. შ. გარდა ამისა, ღონისძიებებს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „კანუდოსი“, ანსამბლი „გორი“, ჩელისტი დეა ხეოშვილი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ეთნიკურად ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინი ჩაატარებს მასტერკლასს - „ხელოვნება, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების ინსტრუმენტი“.

ამავდროულად, 19 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის მერია ლიტერატურულ კონკურს „მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს 2000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

20 ივლისს კი, ფესტივალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი არბო უმასპინძლებს.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების დასასრულს, არბოში ფოტოკონკურსის - „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

შეგახსენებთ, ლიტერატურული კონკურსი „გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამედ იმართება.
კვირის ამბები