საზოგადოება
18.07.2023 12:59
მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში, ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან ბავშვის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე, პაციენტი იყო კონტაქტური და პერიოდულად ხდებოდა სომნოლენტური.

„დილის საათებში მშობელმა შემოიყვანა სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსაჩინო ზედაპირული ტრავმები. პაციენტს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მოხდა სასიცოცხლო პარამეტრების ნორმალიზება და სტაბილიზაცია. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები. გამოძახებული იქნა რეფერალური სამსახური, მკურნალობის და კვლევის გაგრძელების მიზნით, პაციენტი გადაყვანილია ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში. რეფერირების მომენტში პაციენტის მდგომარეობა მართვადი იყო, რაც შეეხება მდგომარეობის შემდგომ განვითარებას, ვერ მოგახსენებთ, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.
კვირის ამბები