საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფი მოკლევადიან სტაჟირებას თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გაივლის, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სამი ექიმი თურქეთში უკვე გაემგზავრა.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალ Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფი მოკლევადიან სტაჟირებას თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გაივლის.
პირველ ეტაპზე, თურქეთში ჰოსპიტლის სამი ექიმი გაემგზავრა - ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი; ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსი ზურაბ ნადირაშვილი; ექიმი ქირურგი ბაკურ არაბული.
შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს ჰოსპიტლის ექიმთა კიდევ ერთი ჯგუფის გამგზავრებას აჯიბადემის კლინიკაში.
მთლიანობაში, სამხედრო ჰოსპიტლის 5 ექიმი სტაჟირებას გაივლის ჯანდაცვის მსოფლიო ლიდერებს შორის არსებულ კლინიკათა ქსელში - Acıbadem Healthcare Group, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ქსელია IHH Healthcare Berhad-ის ეგიდით.
მემორანდუმის ფარგლებში, ჰოსპიტლის ექიმების თურქეთში გამგზავრებას და სტაჟირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად უზრუნველყოფს აჯიბადემის სამედიცინო ჯგუფი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.