საზოგადოება
14.07.2023 13:21
„საზაფხულო ბანაკი 2023“-ის მონაწილეთა შესარჩევი ეტაპი დასრულდა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა 340 განაცხადი განიხილეს
„საზაფხულო ბანაკი 2023“-ის მონაწილეთა შესარჩევი გასაუბრების ეტაპი დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ბერიანიძის თქმით, მერის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფის წევრებმა 340 განაცხადი განიხილეს და კონკურსში მონაწილეებს გაესაუბრნენ.

„ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება. პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-20 წლის ასაკის ახალგაზრდები არიან ჩართულები. უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესება იყო ძალიან დიდი და იმდენად მოტივირებულ აპლიკანტებს გავესაუბრეთ, შერჩევა გვიჭირს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდები ბაკურიანში სამ ნაკადად გაემგზავრებიან და საზაფხულო ბანაკში 5 დღე დარჩებიან“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა ნინო ბერიანიძემ.

„საზაფხულო ბანაკი 2023“ გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით იმართება.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება; პროექტების წერა; ემოციური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კვირის ამბები