საზოგადოება
13.07.2023 14:09
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კონკურსს აცხადებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია. ნომინაციაზე კანდიდატ(ებ)ის წარდგენა არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ კონკურსში მონაწილეობა (შესაბამისად, განაცხადის შემოტანა) წარდგინების გარეშეც შეუძლიათ.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდო (3000 ლარი) გადაეცემათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჯილდო გაიცემა შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა, საუკეთესო სამშვიდობო იდეა და საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი.

„სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს: განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან.

კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა/საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას/დაახლოებას;

მშვიდობის მშენებლობის/ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკურში მონაწილეობისთვის განაცხადი (ქართულ ენაზე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ მისამართზე: press @ smr. gov. ge 20 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

კანდიდატებს „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს. გამარჯვებულები 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

ცნობისთვის, კონკურსი სახელწოდებით „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ პირველად 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ცხადდება.

კვირის ამბები