გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში „საზაფხულო ბანაკი 2023“ გაიხსნა და პირველ ნაკადს უკვე მასპინძლობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, წელს, ტანას ხეობა 14-დან 19 წლამდე ასაკის (18 წლის ჩათვლით) ახალგაზრდებს უმასპინძლებს და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 420 მოზარდი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ხელშეწყობით საველე პირობებში დაისვენებს.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება. „ტონთიოს“ წარმომადგენლის მამუკა ნადირაძის ინფორმაციით, ბანაკმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება და ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ახალგაზრდებმა უსაფრთხო გარემოში დაისვენონ: მოგვარებულია კვების და განთავსების ადგილები, მოწყობილია სველი წერტილები, ფუნქციონირებს შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტიც.
„პროექტის ფარგლებში, ბიისში, ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.