მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 44 არ გამოცხადდა - გორის საგამოცდო ცენტრი
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 13 ივლის, მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველებისთვის ტესტირება შემდეგ საგნებში მიმდინარეობს: სამოქალაქო განათლება, მუსიკა და სპორტი.
გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, რეგისტრირებული 245 აპლიკანტიდან 201 აბარებს გამოცდას.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შეფერხებები არ ყოფილა რეგისტრაციის პროცესშიც. დღევანდელ გამოცდაზე 245 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 44 გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება ხვალინდელი დღის განრიგს, 14 ივლისს, პირველ სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ბიოლოგიაში, ხოლო პედაგოგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.