საზოგადოება
13.07.2023 11:43
13 ივლისს საქართველოში 12 მოციქულის ხსენების დღე - სვეტიცხოვლობა აღინიშნება

13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ, მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

თარიღი სვეტიცხოვლის ტაძარში განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ტაძარი ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

ცნობისთვის, სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს, 14 ოქტომბერს კი - ქრისტეს კვართს იხსენიებს.

კვირის ამბები