გორის მუნიციპალიტეტის მერია ლიტერატურულ კონკურს „მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს 2000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, კონკურსის ლაურეატების დასახელება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 19 ივლისს გაიმართება.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან წლის საუკეთესო პროზაული და დრამატული ნაწარმოების და საუკეთესო პოეტური/პროზაული თარგმანის ნომინაციებშიც.
„კონკურსის მიზანია საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ახალი ავტორების და ლიტერატურული კერების აღმოჩენა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, კონკურსი „გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.
პროექტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით ახორციელებს.