საზოგადოება
12.07.2023 13:42
„კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი“ გორელი ახალგაზრდებისთვის ახალ პროექტს იწყებს

გორელი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება. „კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი“ პროექტის - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ტრენინგკურსზე მონაწილეების მიღებას აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 35 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც იზრდებიან ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში, ან აქვთ ასეთი გამოცდილება; არიან მარტოხელა, ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები; აქვთ კანონთან კონფლიქტი; აქვთ ძალადობის გამოცდილება; არიან იძულებით გადაადგილებული პირები; არ არიან დასაქმებული; აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები და არიან სოციალურად დაუცველი პირები.

„ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია ახალგაზრდებისთვის, იჩქარეთ და ჩაერთეთ, გაიარეთ ტრენინგები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების და ინტერესების გამოვლენაში.

პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ინდივიდუალური ინტერესების და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას, დასაქმებას და თვითდასაქმებაში მხარდაჭერას,“ - პროგრამის შეფასებისას აღნიშნა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა თინა ბრეგვაძემ.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 599 139 129.

ცნობისთვის, პროექტი „Vibes for Youth“ ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის SOS-Kinderdörfer weltweit ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, გორსა და თელავში „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“, „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის“, საზოგადოება „ბილიკის“ და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პარტნიორობით.

 

 

კვირის ამბები