საზოგადოება
12.07.2023 11:38
როდის დაიწყებს ყვავილობას ნადარბაზევის მზესუმზირები

გასულ წელს, ივლის-აგვისტოში, გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ადგილი ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ჰა. მიწის ფართობზე გაშენებული მზესუმზირის პლანტაციები იყო. ნათესების მეპატრონემ მზესუმზირა წელსაც გააშენა, თუმცა, შედარებით ნაკლებ ფართობზე - 10 000 ჰა-ზე.

სასოფლო-სამეურნეო ფართობი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავს.

„სამომავლოდ, ამ ტერიტორიაზე ვგეგმავთ აგროტურიზმის განვითარებას. საკმაოდ პერსპექტიული ადგილია - ახლოს მდებარეობს ავტობანთან, მუდმივად გრილი ნიავია, მშრალი ჰავაა, აქვე მდებარეობს ტბაც. ერთადერთი გზის პრობლემაა მოსაგვარებელი, ავტობანიდან ტბამდე სულ 2,5 კილომეტრია. ამჟამად გრუნტიანი, დაზიანებული გზაა, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ვიზიტორებს, არადა, ბევრი უცხოელი ტურისტიც სტუმრობს ამ ადგილს, ხშირად არიან გერმანელი და პოლონელი სერფერებიც. 

უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა შარშან  ფოტოების გადასაღებად. იყო შემთხვევები, როცა ავტომობილებით აფუჭებდნენ ნათესებს, ყრიდნენ ნაგავსაც. ბუნებრივია, ეს ცუდია, მაგრამ თავიდანვე არ გამოვრიცხავდით ამას. ვფიქრობ, როცა მზესუმზირა ყვავილობას დაიწყებს, წელსაც ბევრი სტუმარი ეწვევა ამ ადგილს. ბევრი წინასწარაც გვიკავშირდება ფოტოსესიისთვის. მართალია, წელსაც ვიცით, რომ დააზიანებენ ნათესებს, მაგრამ არავის შევუზღუდავთ აქ მოსვლას. ჩამოვიდნენ, გადაიღონ ფოტოები და ისიამოვნონ. მოსავლის აღება სექტემბერში ხდება. მოკლედ, ვფიქრობ, ჩვენს პლანტაციებს მნახველი წელსაც ბევრი ეყოლება“, -  „გორის მაცნესთან“ განაცხადა თემურ ფსუტურმა.

ამჟამად, ნადარბაზევის მზესუმზირების პლანტაციაში, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე მზესუმზირაა აყვავებული.

კვირის ამბები