საზოგადოება
12.07.2023 10:56
მართმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 ივლისს, პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა პეტრე წმინდა ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე, ძმები გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე თავდაყირა გაკრული აღესრულა.

წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენიდან იყო, მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა, მას თვალი აეხილა. წმინდა მოციქულს, რომელიც შემდგომ ქრისტიანობას ქადაგებდა, თავი მოჰკვეთეს და ამგვარად აღესრულა.

მორწმუნე ქრისტიანები პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე მარხულობენ. მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და პეტრე-პავლობას სრულდება.

კვირის ამბები