საზოგადოება
10.02.2020 18:29
გორის მერმა ადგილობრივ ახალგზარდებთან შეხვედრა გამართა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხა. აღსანიშნავია ისიც, რომ მერთან დასმული კითხვების უმრავლესობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, სამოქალაქო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხებოდა. ამასთან, ახალგაზრდებმა, საკუთარ დასახლებებში არსებული პრობლემები წამოჭრეს და მათი მოგვარების საკითხი წამოჭრეს.

„ახალგაზრდების განათლება, მათი ხელშეწყობა და წახალისება გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენთან არაერთი პროგრამა მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ჩართული ხართ ამ პროგრამებში, გაინტერესებთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და გსურთ, მეტი შეიტყოთ თქვენ გარშემო მიმდინარე პროცესებზე. მინდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ სოფლის კრებებსა და სხვა შეხვედრებზე, სადაც თქვენს თემში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს, რათა თქვენი ხმა უფრო მძლავრად იყოს წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაგეგმვისას“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრისას.

გორის მერიის სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა მეორე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც რვა თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-16 წლის ასაკის 80-მდე ახალგაზრდა ესწრება ადამიანის უფლებების, ლიდერობის, საარჩევნო სისტემის და სხვა საკითხებზე მომზადებულ საგანმანათლებლო ტრენინგებს.
კვირის ამბები