საზოგადოება
11.07.2023 12:54
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებენ

საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში ექნებათ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება  სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.

პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ. ლარს შეადგენს
კვირის ამბები