დასრულდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, ექვსი ქვეყნიდან (უნგრეთი, ისრაელი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) ჩამოსული სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. ისინი ერთმანეთს პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
ტურნირზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 14 მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მედლებიდან სამი გორელი მოკრივეების ანგარიშზეა. ლაშა კერესელიძე, ლევან დემუროვი და ავთანდილ მდინარიძე შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი სპორტსმენები დაესწრნენ.
ცნობისთვის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში გორის სპორტის სასახლეში 4 დღე გაგრძელდა.