საზოგადოება
10.07.2023 16:26
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის პროექტი იწყება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის ახალი პროექტი დაიწყება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად „მშვიდობის კვლევების ცენტრმა“ კონკურსი გამოაცხადა.

პროექტი - „სოფლად მცხოვრები ქალების შინაგანი და ეკონომიკური გაძლიერება“ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლად მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერებას.

რაც შეეხება პროექტს, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ფიზიკურ/ფსიქოლოგიური გამაჯანსაღებელი გასვლითი 3-დღიანი ვორქშოპი, რომელიც ჩატარდება გორში (აგვისტო); სასწავლო ვიზიტები კახეთში წარმატებულ ქალ ბიო/ორგანულ მეწარმეებთან (სექტემბერი); სასწავლო ვიზიტები შიდა ქართლის ბიო/ორგანულ მეწარმეებთან (ოქტომბერი); ონლაინ ტრენინგი მეწარმეობის განვითარებაზე (ნოემბერი); მცირე საგრანტო კომპონენტი ბენეფიციარებისთვის (დეკემბერი, იანვარი).

„მშვიდობის კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობისთვის ქალი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

უნდა მიეკუთვნებოდნენ კონფლიქტით დაზარალებულ გამყოფი ხაზის სოფლების თემებს და/ან წარმოადგენდნენ დევნილების მასპინძელ თემებს შიდა ქართლის რეგიონში;

ჰქონდეთ საოჯახო საქმიანობები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: მეცხოველეობა, ხეხილი, მარცვლეული, ბოსტნეული, მეფუტკრეობა, მევენახეობა/მეღვინეობა და ა. შ.

გააჩნდეთ მოტივაცია იმუშავონ საკუთარ თავზე: რათა აღმოაჩინონ ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლით პირად თუ პროფესიულ გზაზე და ჰქონდეთ ღიაობა, რომ გაიარონ სხვადასხვა თერაპიული პრაქტიკები;

იყვნენ სრულწლოვანნი და ჰქონდეთ მზადყოფნა, რომ აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული პროექტის ყველა კომპონენტში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოთ ნომერზე: 555310729.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 21 ივლისი.
კვირის ამბები