დღეიდან, 10 ივლისიდან, საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, რეგისტრაცია 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ზაფხულის სეზონზე გორში მე-3 საბავშვო ბაღი (გიორგი ანწუხელიძის ქუჩა) იმუშავებს. დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე: www. gorikids. ge მოხდება.
რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღის აღსაზრდელი, მშობელი სააგენტოში (სტალინის 16) მხოლოდ დაბადების მოწმობას წარადგენს.
რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც არ არიან ჩარიცხული საჯარო ბაღში, საჭიროა მშობლებმა წარადგინონ: ამონაწერი იუსტიციის სახლიდან რეგისტრაციის თაობაზე, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
ცნობისთვის, საბუთების წარდგენის ვადებია 26-29 ივლისი. თუ ამ პერიოდში არ იქნება საბუთები წარდგენილი, ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება საზაფხულო ბაღიდან.