კულტურა
10.02.2020 16:07
შემოვუნახოთ ისტორიას ჩვენი წარსული, კულტურა და თვითმყოფადობის უნიკალური განძი - დავით ახლოურის ინიციატივა ქსნის ხეობასთან დაკავშირებით

ქსნის საერისთავო ისტორიულად არასოდეს ყოფილა არც სამაჩაბლოს, არც ცხინვალის რეგიონის და მითუმეტეს, არც ოსეთის ნაწილი. უმრავლესობამ, კარგად ვიცით როდის შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე ოლქი, რომელსაც  სხვა ქართულ მიწა-წყალთან ერთად, მავანმა, ახალგორის მხარეც მიაკუთვნა. რა თქმა უნდა, ეს დამახინჯებული ფაქტია და ყველამ უნდა ვიცოდეთ, ნამდვილი, გაუყალბებელი ისტორია - სწორედ აღნიშნული მიზნით შექმნა საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ახლოურმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჯგუფი - „ქსნის ხეობის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი“, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ღვაწლმოსილ ქსნისხეობელებთან შეხვედრის დროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ქსნის ხეობის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი, რომლის მთავარი ამოცანაა, ყოველდღიურად შევახსენოთ ერთმანეთს - ოკუპაცია დროებითია, შევისწავლოთ წარსული, არ მივცეთ დავიწყებას მამაპაპისეული ტრადიციები, ეთნოგრაფიული ყოფა, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას,  თუ როგორ ცხოვრობენ დღეს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული დევნილები... ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოვიძიოთ და შემოვუნახოთ ისტორიას ყოველივე ის, რაც ჩვენი წარსულის, კულტურისა და თვითმყოფადობის უნიკალური განძია“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დავით ახლოურმა.

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოველდღიურად, ჯგუფს ასეულობით ადამიანი ემატება: „მომხმარებლების მხრიდან აქტივობა დიდია, ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, ვცვლით ინფორმაციებს, ვიხსენებთ წარსულს, ჯგუფში სისტემატურად ქვეყნდება საინტერესო წყაროები ქსნის ხეობის მოსახლეობის შესახებ და ისტორიასთან ერთად, დიდი ადგილი ეთმობა კულტურის საკითხებს, ეთნოგრაფიულ ყოფას, ფოლკლორულ მასალებს და ასე შემდეგ. ასე რომ, შემოგვიერთდით, ყველამ ვიცოდეთ ნამდვილი, გაუყალბებელი ისტორია“, - ამბობს დავით ახლოური.

კვირის ამბები