სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის არეალი ფართოვდება - ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილებების ახალი პაკეტი შემუშავდა.
სიახლე უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწის და სანიტრის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს.
ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციის და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
„რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში და ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში - 7 ლარით, ექთნების კი 4.4 ლარით განისაზღვრა.