კულტურა
07.07.2023 14:02
„ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია თანამედროვე ავტორებისთვის პოეზიაში ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.

რაც შეეხება კონკურსის პირობებს, ავტორი ვალდებულია საკონკურსო მასალა გააგზავნოს დევიზით (დევიზი უნდა მიეთითოს როგორც კონვერტზე, ასევე საკონკურსო მასალაზე).

„მონაწილეებმა ერთი კონვერტით უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო ლექსები, მეორე კონვერთით - სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ლექსების სათაურები. აუცილებელი პირობაა ისიც, რომ კონვერტზე და ლექსებზე არ მიეთითოს ავტორის ვინაობა.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ გამოუქვეყნებელი ლექსები (არაუმეტეს ხუთი), ნაბეჭდი ფორმით.

გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები: პირველი პრემია 1500 ლარის ოდენობით, დაწესებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისგან; მეორე პრემია 1000 ლარის ოდენობით, დაწესებულია ელდარ ალიევისგან; მესამე პრემიას - 600 ლარს გასცემს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ხოლო თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტმა მეოთხე პრემისთვის 400 ლარი დააწესა“, - ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სოფელ რუსთავში, ტრადიციულ პოეზიის სახალხო დღესასწაულზე - „შოთაობა“, გაიმართება.

კონკურსში მონაწილემ ნამუშევრები უნდა გაგზავნოს შემდეგ მისამართზე: 0500, ასპინძის მუნიციპალიტეტი, დაბა ასპინძა, თამარის ქუჩა №3, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქცია.

საკონტაქტო ტელეფონი: 599 97 95 24.

საკონკურსო ლექსების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 1-ელი სექტემბერია.

კვირის ამბები