ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 163 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
რეგისტრაციის პროცესს გორში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე დაესწრო.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. რეგისტრაციის პროცესს პირადად აკვირდებოდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. დღევანდელ გამოცდაზე 173 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 10 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 373 აპლიკანტს ველოდებით“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 10 ივლისს, უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება.