გორის ხელოვნების სახლში, პროექტის - „ART HOUSE 2023“-ის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართება.
9 ივლისს, 17:00 საათზე, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე აუდიტორიას გორელი საზოგადო მოღვაწის, გამოჩენილი ფილოსოფოსის - მერაბ მამარდაშვილის (1930-1990 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს გააცნობს.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, საჯარო ლექციების ციკლი ცნობილი გორელების შესახებ, მიზნად ისახავს გააქტიურდეს საუბრები იმ ადამიანებზე, ვინც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობაში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კულტურის, ფილოსოფიის, პოლიტიკის, მეცნიერების და სხვა დარგების შექმნასა და განვითარებაში.
„მე მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან მესმის, რომ ვიდრე დამოუკიდებლობას არ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს. არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება“, - 80-იანი წლების ბოლოს სახალხო ფრონტის ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა მერაბ მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, პროექტს - „Art House 2023“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ ახორციელებს.