საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს. უწყების გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, 200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა. ცვლილების მიხედვით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა დაშვებული 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა (შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე).
„წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც შესაბამისად, მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყობს. მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიც. უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან, დაახლოებით, 500 000 რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად, რამაც საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა და საქართველში ნედლი ხორცის დეფიციტი გამოიწვია. სწორედ ამიტომ გახდა მსგავსი კანონის შემუშავება საჭირო“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.