საზოგადოება
06.07.2023 12:38
ბიისში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება - ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში „საზაფხულო ბანაკი 2023“ იხსნება, სადაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 420 ახალგაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ხელშეწყობით დაისვენებს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წელს ტანას ხეობა 14-დან 19 წლამდე ასაკის (18 წლის ჩათვლით) ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

„პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება, ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება და ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ მისამართზე: shorturl. at/ kruXZ
კვირის ამბები