სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია.
„პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს, სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მათ დროულ შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან.
„ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს შეტყობინების გარეშე ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევაზე რეაგირებისთვის როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია რეალურ დროში და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული. ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა ასევე კლინიკებისთვის. სამართალდარღვევების ნაწილში მნიშვნელოვანია ჯარიმების ოდენობის გაზრდა, ასევე დაუყოვნებელი აღსრულება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია და მარეგულირებლებს შეუძლია ადგილზევე დაადგინოს რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მიმართოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც გაზრდის ჯარიმების პრევენციულ ეფექტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.