პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გორის გუნდი ზიპლაინისა და პეინტბოლის ინტეგრირებულ ჩემპიონატებში მონაწილეობდა. ღონისძიებას ბორჯომის ადაპტირებულმა საველე ბანაკმა უმასპინძლა და მასში საქართველოს მასშტბით მცხოვრები 200-მდე შშმ პირი ჩაერთო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს, გორელებმა პროექტის ფარგლებში გამართულ სპორტის სამ სახეობაში - ბოულინგში, მინი გოლფსა და და ჯომარდობაში გაიმარჯვეს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შშმ პირების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ტარდება. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას“, -აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტს „ახალგაზრდული მედიაკავშირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს და მისი გენერალური სპონსორი კი „პლატფორმა ინიციატივაა“.