საზოგადოება
03.07.2023 13:54
გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა
1-ელ ივლისს, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელის, ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის - გურამ პაპიტაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის ბარელიეფი მისსავე სახელობის დარბაზის ფასადზე განთავსდა.
გარდა ამისა, გორის კულტურის ცენტრში გურამ პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა. ღონისძიებას პაპიტაშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტსმენები დაესწრნენ. მათ პაპიტაშვილის ცხოვრებისა და ნაყოფიერი სამწვრთნელო კარიერის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ცნობისთვის, ქართული სპორტის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი გურამ პაპიტაშვილი 2022 წლის 1-ელ ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კვირის ამბები