საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა - თინათინ გვერდწითელი
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო.
გორში, საგამოცდო ცენტრი მე-3 საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი.
ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 476 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 14 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოცდისთვის განკუთვნილი დრო სამი საათია. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს ორი საათისთვის ველოდებით. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 473 აბიტურიენტი,“ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 4 ივლისს, ისევ ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.