2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება.
გორში, წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან ერთად პირადად გაეცნო.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ვიდეოკამერებისა და ელექტრო ქსელის მონტაჟი და კომპიუტერების განთავსება. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში, ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, გამზადებულია შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლებიც.
გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით.
როგორც ცნობილია, წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
ცნობისთვის, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.