შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 25 ივნისიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. პირველი ეტაპის სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობების და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს. მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები“, - აცხადებენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.