სპორტი
30.06.2023 11:52
გორის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება

გორის მუნიციპალიტეტში პროექტ „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეჯიბრებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის სახელით შეეძლებათ. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს ჩემპიონატში მონაწილეობა რამდენიმე გუნდითაც შეუძლია. მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის სახელით რამდენიმე გუნდი გამოთქვამს ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილს, ჯერ აღნიშნულ გუნდებს შორის გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც შემდეგ უკვე მუნიციპალური პირველობისთვის იბრძოლებს.

„ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გუნდებმა სარეგისტრაციო ფორმა https://rb.gy/lrwmx 7 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მატერიალური სახით (მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5). ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. I ადგილი - 3 000 ლარი, II ადგილი - 2 000 ლარი, III ადგილი - 1 000 ლარი“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჩემპიონატი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“-ს ორგანიზებით გაიმართება. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.

კვირის ამბები