ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება - პარლამენტმა მესამე მოსმენით კანონი მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, 20 ლარის ნაცვლად. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, 50 ლარის ნაცვლად.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ასევე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.